(0341)255473 info@rch.ge
რეგისტრაცია

ღვიძლი - მისი სასარგებლო თვისებები და მომზადება

administrator 9-09-2016, 00:38 1 377 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 ამქვეყნად უამრავი გემრიელი და სასარგებლო საკებია. თეორიულად უპირატესობა მცენარეული წარმოშობისას ენიჭება, თუმცა პრაქტიკულად ცხოველურს უფრო მეტს მივირთმევთ, რადგან უმრავლესობას მათი გემო უფრო მოსწონს და უფრო სასარგებლოდაც მიაჩნია. საერთოდ, რაციონში ყოველგვარი საკვები უნდა შედიოდეს: როგორც ხილი და ბოსტნეული, ისე თევზეული, რძე და მისი ნაწარმი და, რაღა თქმა უნდა, ხორციც. მთავარია, ამა თუ იმ პროდუქტის მოხმარებამ ნორმას არ გადააჭარბოს და სწორად მომზადდეს. მცენარეული საკვები ნამდვილად უფრო მეტი უნდა მივირთვათ, თუმცა რაციონიდან ცხოველური პროდუქტების სულ მთლად ამოღებაც შეცდომა იქნება. უნდა ითქვას ისიც, რომ ცხოველური წარმოშობის ზოგიერთ პროდუქტს ადამიანები შედარებით იშვიათად მიირთმევენ. ხშირად არასწორადაც ამზადებენ მათგან კერძებს, ამიტომ სარგებლობის ნაცვლად მხოლოდ კალორიებს და კუჭის არეში დისკომფორტს იღებენ. ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია ღვიძლი. ის გემრიელია და საოცრად მაღალი კვებითი ღირებულებაც აქვს. მრავალ ქვეყანაში მას დელიკატესად მიიჩნევენ. ღვიძლი მდიდარია ცილებით, მასში შემავალ მინერალებსა და ვიტამინებს კი ადვილად ასათვისებელი ფორმა აქვს. ამიტომ არის, მედიკოსები და დიეტოლოგები დაჟინებით რომ ურჩევენ ქრონიკულად მოავადეებს, კვების რაციონში აუცილებლად ჩართონ ეს პროდუქტი. თუ ღვიძლს სწორად მოამზადებთ და  სხვა თავსებად პროდუქტებთან ერთად მიირთმევთ, თქვენი ორგანიზმი ნორმალური ცხოველმყოფელობისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ყველა  ნივთიერებას მიიღებს. ღვიძლი სასარგებლოა ათეროსკლეროზითა და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, ბავშვებისა და ორსულებისათვის, ასევე მათთვის, ვისაც თრომბოზისადმი მიდრეკილება და, საზოგადოდ, სისხლის შედედების დარღვევები აღენიშნება. თევზის ღვიძლითევზის ღვიძლი, განსაკუთრებით - ვირთევზასი, მეტად ღირებული პროდუქტია. ის უმთავრესად დაკონსერვებული იყიდება და ამ სახითაც კი მეტად კალორიულია (100 გრამში 600-ზე მეტი კილოკალორიაა), ამიტომ მისი დიდი რაოდენობით ჭამა არ არის რეკომენდებული. პროდუქტი უხვად შეიცავს თევზის ქონს, კერძოდ, ქოლესტერინსა და ცხიმოვან მჟავებს, აგრეთვე - ცილებსა და ნახშირწყლებს, ორგანულ მჟავებს, A, PP, C, D, E და B  ჯგუფის ვიტამინებს, ნატრიუმს, ფოსფორს, ქლორს, მაგნიუმს, კალიუმს, კალციუმს, რკინას, თუთიას, ქრომს, ფთორს, იოდს, ნიკელსა და მოლიბდენს. დადგენილია, რომ თუ დედა ორსულობისას რეგულარულად იკვებებოდა ვირთევზას ღვიძლით, შვილი იშვიათად ავადმყოფობს და ყოველგვარი ინფექცია ადვილად გადააქვს. ინფექციისგან ორგანიზმს იცავს ადვილად ასათვისებელი A ვიტამინი. ეს უკანასკნელი D ვიტამინსა და სხვა ნივთიერებებთან ერთად აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, ამახვილებს მხედველობას, აჯანსაღებს ძვლოვან ქსოვილს, უზრუნველყოფს ყურადღების კონცენტრაციას, კბილების, კანისა და თმის სიჯანსაღეს. ღორის ღვიძლიღორის ღვიძლი ასევე მდიდარია ქოლესტერინით, მინერალებითა და ვიტამინებით. ის შეიცავს H ვიტამინსაც, რომელიც სილამაზის ვიტამინად არის აღიარებული. B ჯგუფიდან კი ღორის ღვიძლში რვა ვიტამინი შედის. 100 გრამი პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულება 110 კილოკალორიაა. საქონლის ღვიძლისაქონლის ღვიძლი შემადგენლობით რამდენადმე წააგავს ღორისას, თუმცა სასარგებლო ნივთიერებებით მასზე მდიდარია, თანაც უფრო კალორიული - 130 კილოკალორია 100 გრამ პროდუქტზე. გარდა ვიტამინების სრული ნაკრებისა, საქონლის ღვიძლში არის ბეტა-კაროტინი, D და K ვიტამინები, ოცამდე მინერალი, სხვადასხვა ფერმენტი, ამინმჟავა და სხვა ნივთიერებები. ქათმის ღვიძლი ქათმის ღვიძლი ღორისაზე კალორიულია (100 გრამი 140 კილოკალორიას შეიცავს), თუმცა მას უფრო ადვილად ითვისებს ორგანიზმი. ქათმის ღვიძლი მდიდარია ადვილად ასათვისებელი ცილებით, ფოლიუმის მჟავათი და A ვიტამინით, ამიტომ, ვირთევზას ღვიძლის დარად, ძალზე სასარგებლოა ბავშვებისა და ორსულებისთვის. მომზადების წესიღვიძლის შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციოთ მის ფერსა და ფაქტურას. ახალი ღვიძლი გლუვია, ბაცი ყავისფერი ან ღია მოწითალო, გაჭრილი ზედაპირი კი მოწითალო-ყავისფერი ან ყავისფერი აქვს.  ღვიძლს უმეტესად წვავენ, თანაც არასწორად, ამიტომაც ბევრს ის არ უყვარს. სწორად შემწვარი ღვიძლი გემრიელი, არომატული და ნაზია. კარგად გარეცხილ საქონლის ან ღორის ღვიძლს აპკი უნდა მოაცილოთ, ერთი სანტიმეტრი სისქის ნაჭრებად დაჭრათ, დააყაროთ ცოტაოდენი სოდა და ერთი საათი გააჩეროთ, მერე გამდინარე წყალში კარგად გარეცხოთ,  გემოვნებისამებრ მოაყაროთ მარილი, წიწაკა და სანელებლები, ფქვილში ამოავლოთ, გავარვარებულ ტაფაზე დადოთ და ერბოში შეწვათ - დაახლოებით 3-4 წუთი თითოეულ მხარეს. ამ რეცეპტით შემწვარ ღვიძლს უხდება კარტოფილის პიურე, ბრინჯი, პომიდვრის სოუსი, თუმცა გარნირად ყველაფერს სჯობია ახალდაჭრილი მწვანილი და უცხიმო არაჟანი, სალათის ფურცლები, კიტრი, ყაბაყი, ბროკოლი. მათთან ერთად ღვიძლი უფრო გემრიელიც არის, სასარგებლოც და იოლი მოსანელებელიც. არ არის რეკომენდებული ღვიძლის ჭამა მაკარონთან და ცხიმიან სოუსთან ერთად. ღუმელში შემწვარი ღვიძლი უფრო იოლი ასათვისებელია, ვიდრე ტაფაზე შემწვარი.
საიტი შეიქმნა 2016 წელს, საიტის შემქმნელი: astalavista. ყველა უფლება დაცულია
დახურვა
ჩვენს შესახებ