(0341)255473 info@rch.ge
რეგისტრაცია

ანესთეზია

administrator 31-08-2016, 01:39 1 747 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

ექიმები ერთხმად აღიარებენ, რომ ანესთეზიოლოგები მედიცინის ყველაზე ჰუმანური დარგის წარმომადგენლები არიან. რა არის ანესთეზია, როგორია გაუტკივარების თანამედროვე მეთოდების თავისებურებანი? - ამ და სხვა შეკითხვებს უპასუხებენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის პროგრამ-დირექტორი ნოდარ ლებანიძე და  ესთეტიკური, რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგიის კლინიკა "კარაპს მედლაინის" ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ასოცირებული პროფესორი ტატო ქაჯაია: - რას გულისხმობს ტერმინი ანესთეზია? ანესთეზიის რომელ მეთოდებსა და საშუალებებს ფლობს თანამედროვე მედიცინა?- ანესთეზია ნიშნავს გაუტკივარებას - იმ მდგომარეობის მიღწევას, როდესაც პაციენტი ტკივილს ვეღარ აღიქვამს. გაუტკივარება შეიძლება იყოს ზოგადი, ადგილობრივი და რეგიონული. ზოგადი ანესთეზია, გავრცელებული გამოთქმით – ნარკოზი, ასევე ორი სახისაა: ინტრავენური და ინჰალაციური. ეს ორი სახეობა უმეტესად კომბინირებულად გამოიყენება. რეგიონული ანესთეზია არის გაუტკივარების სახე, რომლის დროსაც მგრძნობელობა ითიშება სხეულის გარკვეულ ნაწილში, პაციენტის ცნობიერება კი გამოთიშული არ არის. ადგილობრივი ანესთეზიისას ტკივილის შეგრძნება ისპობა საოპერაციო არეში. ცნობიერება ამ შემთხვევაშიც შენარჩუნებულია.- როგორ ტარდება ადგილობრივი ანესთეზია, რა არის მისი ჩვენება?- ადგილობრივი ანესთეზიის დროს საანესთეზიო პრეპარატი ინექციის (ნემსის ან სპეციალური კათეტერის) მეშვეობით შეჰყავთ იმ ადგილას, რომლის გაუტკივარებაც არის საჭირო. რეგიონული ანესთეზიის ჩატარება ანესთეზიოლოგის პრეროგატივაა.- შესაძლოა თუ არა, ადგილობრივი ანესთეზიისას რაიმე გართულებამ იჩინოს თავი?- გართულებები, ისევე როგორც ნებისმიერ სამედიცინო ჩარევას, შესაძლოა, ადგილობრივ ანესთეზიასაც ახლდეს. ექიმი, რომელიც ამ მეთოდით ატარებს გაუტკივარებას, ითვალისწინებს მათი აღმოცენების ალბათობას და სახავს ღონისძიებებს, რათა პაციენტს თავიდან ააცილოს გართულებები, რომელთაგან უწინარესად მაინც ალერგიულ რეაქციებს გამოვყოფთ.- როდის არის უკუნაჩვენები ადგილობრივი ანესთეზია?- ადგილობრივი ანესთეზია უკუნაჩვენებია ანესთეტიკებზე ალერგიული რეაქციის არსებობისას. ადგილობრივი ანესთეზია მიუღებელია, თუ ავადმყოფს აქვს არამდგრადი ფსიქიკა ან მძიმე ორგანული პათოლოგია.- როგორია ექიმის ტაქტიკა, როდესაც პაციენტს ადგილობრივი ანესთეზიისთვის გამოყენებული მედიკამენტების მიმართ ალერგია აქვს?- როდესაც ექიმი პაციენტის გამოკითხვით ადგენს, რომ პირი ალერგიულია, წინასწარ ტარდება სპეციალური ალერგოლოგიური სინჯები ყველა იმ პრეპარატის მიმართ, რომლებიც ოპერაციული ჩარევისას შეიძლება გახდეს საჭირო, თუნდაც თეორიულად. გარდა ამისა, დახმარებას გვიწევს სხვადასხვა ლაბორატორიული გამოკვლევა, რომელთა შედეგების მიხედვითაც შეიძლება ვიმსჯელოთ ორგანიზმის ალერგიული ფონის შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ზოგჯერ საჭიროა პაციენტის ვიზიტი სპეციალიზებულ ალერგოლოგიურ დაწესებულებაში და ალერგოლოგის დასკვნა. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ პაციენტს ალერგოლოგიური ანამნეზი აქვს, აუცილებელია სპეციალური მომზადება.- ხშირად პაციენტები მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი ანესთეზია სავსებით მოკლებულია ორგანიზმზე ზოგად მოქმედებას. რამდენად საფუძვლიანია ეს მოსაზრება?- აღნიშნული მოსაზრება მცდარია. ორგანიზმზე ზოგადი ზემოქმედების ერთ-ერთ ეფექტზე – ალერგიულ რეაქციაზე უკვე ვისაუბრეთ. გარდა ამისა, საანესთეზიო საშუალება ორგანიზმში შეიწოვება, ასე რომ, ბუნებრივია, მასზე განსაზღვრულ გავლენას ახდენს. ამრიგად, ადგილობრივი ანესთეზია გაუტკივარების სხვა მეთოდებზე არანაკლებ საპასუხისმგებლოა.- რა არის ნარკოზი? რა სახის ნარკოზი არსებობს ამჟამად?- ნარკოზი ანუ ზოგადი ანესთეზია გაუტკივარების ის სახეა, რომლის დროსაც ტკივილის შეგრძნება ისპობა და პაციენტის ცნობიერება ითიშება, ის იძინებს. ნარკოზი, როგორც გითხარით, ორნაირია: ინტრავენური და ინჰალაციური, თუმცა ამ ორ სახეობას უმეტესად კომბინირებულად იყენებენ. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადი ანესთეზია არ გულისხმობს მხოლოდ გაუტკივარებას. იგი მოიცავს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგს, პროგნოზირებასა და მართვას.- როგორ ტარდება ინტრავენური ნარკოზი? რა შემთხვევაშია შესაძლებელი მისი გამოყენება ან როდის არ შეიძლება, გაუტკივარება ამ მეთოდით ჩატარდეს?- ინტრავენური ანესთეზიის დროს ვენაში შეჰყავთ მედიკამენტები, რომლებიც იწვევს გაუტკივარებას და თრგუნავს ცნობიერებას. იგი გამოიყენება მცირე და საშუალო მასშტაბის ოპერაციების დროს. დიდი ოპერაციული ჩარევისას საჭიროა ზოგადი ანესთეზიის სხვა მეთოდების გამოყენება.- რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ინტრავენურ ნარკოზს?- ნარკოზის გართულებათა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტს ნარკოზის შიში უნდა გაუჩნდეს. პროფესიონალმა ანესთეზიოლოგებმა, რომელთაც ხატოვნად უწოდებენ ექიმებს შეცდომის უფლების გარეშე, ძალიან კარგად იციან, როგორ შეამცირონ მინიმუმამდე მათი რისკი.- რას წარმოადგენს ენდოტრაქეული ნარკოზი? როგორ ტარდება ის?- ენდოტრაქეული ნარკოზი გულისხმობს პაციენტის სასუნთქი გზების ინტუბაციას სპეციალური (ე. წ. ენდოტრაქეული) მილით და პაციენტის სუნთქვის ჩანაცვლებას აპარატურის მეშვეობით. ამისთვის ავადმყოფს საანესთეზიო მანქანასთან მიაერთებენ, მართავენ მის გარეგან სუნთქვას და აირთა ცვლას, სათანადო კონცენტრაციით აწვდიან ინჰალაციურ ანესთეტიკებს. უფრო მარტივად, შეიძლება ითქვას, რომ პაციენტის სუნთქვა ითიშება, ამ ფუნქციას სპეციალური აპარატი ასრულებს.- როგორ ხერხდება პაციენტის სუნთქვის გამოთიშვა?- ამაზონის ჯუნგლებში მცხოვრები ინდიელები ნადირობისას და მტრისგან თავდაცვის მიზნით კარგა ხნის წინათ იყენებდნენ მცენარეული წარმოშობის შხამს, რომელიც ჩონჩხის კუნთების დამბლასა და სიკვდილს იწვევდა. ეს შხამია კურარე. სწორედ კურარეს მსგავსი პრეპარატების მეშვეობით ხდება პაციენტის კუნთების ტონუსის სრული და შექცევადი დათრგუნვა. ამ მოვლენას მიოპლეგია ეწოდება. მიოპლეგია (კუნთების შექცევადი დამბლა) არ არის ანესთეზიოლოგის მიზანი. ის სჭირდება ქირურგს, რათა მოხდეს ამა თუ იმ ორგანოს ან სხეულის ნაწილის ოპტიმალური ექსპოზიცია და ამით ქსოვილებისა და ორგანოების ქირურგიული ტრავმირება მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.- ბოლო ხანებში ენდოტრაქეული ნარკოზის ახალ სახეებზე ალაპარაკდნენ...- საქართველოს ანესთეზიოლოგიური სამსახური სრულყოფილად ფლობს ანესთეზიოლოგიის ყველა თანამედროვე მეთოდსა და ტექნოლოგიას. ძირითადი კლინიკები აღჭურვილია თანამედროვე საანესთეზიო აპარატურითა და მედიკამენტებით. მაგალითისთვის გეტყვით, რომ დაახლოებით 10 წელია, ჩვენს ქვეყანაში წარმატებით ტარდება დაბალნაკადური ანესთეზია, ხორციელდება კომბინირებული და შერწყმული ანესთეზიის სხვადასხვა მეთოდი. - როდის არის უკუნაჩვენები ენდოტრაქეული ნარკოზი და რა დადებითი მხარეები აქვს მას?- აბსოლუტური უკუჩვენება არ არსებობს, პირიქით - ენდოტრაქეული ნარკოზი ნაჩვენებია პაციენტის მძიმე ზოგადი მდგომარეობის დროს. საზოგადოდ, არ არსებობს ანესთეზიის უკუჩვენება, არსებობს უკუჩვენება ანესთეზიის კონკრეტული მეთოდის მიმართ. ანესთეზიოლოგის კვალიფიკაციის მაჩვენებელია ის, რომ ანესთეზიის მრავალი მეთოდიდან ავადმყოფს ინდივიდუალურად შეურჩიოს ადეკვატური და შედარებით უსაფრთხო გზა. რაც შეეხება დადებით მხარეებს, ნარკოზის ეს სახეობა საშუალებას გვაძლევს, ვმართოთ პაციენტის ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციები – ვარეგულიროთ არტერიული წნევა, სუნთქვის ფუნქცია, ქირურგიული ჩარევისთვის იქმნება ოპტიმალური პირობები. - რამდენად საშიშია ენდოტრაქეული ნარკოზი გართულებათა თვალსაზრისით?- ენდოტრაქეული ნარკოზის დროს გართულება გამორიცხული არ არის და მიუხედავად სრულფასოვნად ჩატარებული გაუტკივარებისა, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების მონაცემებითაც კი არსებობს გარკვეული რისკი. სიკვდილიანობის ზოგადი მაჩვენებელი 10 000-იდან 1-ს შეადგენს. მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ტექნოლოგიით ჩატარებული ენდოტრაქეული ნარკოზის დროს საფრთხე ისეთივეა, როგორიც, ვთქვათ, თვითმფრინავით ან ავტომანქანით მგზავრობისას. დამეთანხმებით, რომ დღეს გადაადგილების ამ საშუალებებზე რისკის გამო უარს არავინ ამბობს... თანამედროვე მედიცინა და მისი ქირურგიული დარგები დღეს ისევე წარმოუდგენელია ანესთეზიოლოგიის გარეშე, როგორც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ტრანსპორტისა და კომუნიკაციების გარეშე.- ზემოთ რეგიონული გაუტკივარება ახსენეთ. თუ შეიძლება, უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ მის შესახებ.- რეგიონულია გაუტკივარება, რომლის დროსაც მგრძნობელობა ითიშება სხეულის გარკვეულ ნაწილში, პაციენტის ცნობიერება კი დათრგუნული არ არის. რეგიონული გაუტკივარების ერთ-ერთი სახეა წნულოვანი ანესთეზია. ამ დროს საანესთეზიო პრეპარატი უშუალოდ ნერვულ წნულში შეჰყავთ. რეგიონული გაუტკივარების მეთოდებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია სპინალურ და პერიდურულ ანესთეზიას, რომლის დროსაც ზურგის ტვინის არეში შეჰყავთ ხანგრძლივი მოქმედების საანესთეზიო საშუალებები, რაც იწვევს ტკივილის, შეხების შეგრძნებათა და ინექციის ადგილის ქვევით მოძრაობის დროებით გამოთიშვას. სპინალურ და ეპიდურულ ანესთეზიას ზოგჯერ ემატება ინტრავენური სედაცია და პაციენტს ოპერაციის დროს სძინავს.- მრავალი პაციენტი მიიჩნევს, რომ ზურგის ტვინის დაზიანების ალბათობის გამო სპინალური და ეპიდურული ანესთეზია უფრო სარისკოა, ვიდრე გაუტკივარების სხვა სახეები.- გარწმუნებთ: ამგვარი ანესთეზიის დროს ზურგის ტვინისა და მისგან გამომავალი ნერვების დაზიანება თითქმის გამორიცხულია. უნდა მოგახსენოთ, რომ ეპიდურული ანესთეზია დღეს ფართოდ გამოიყენება ტრავმატოლოგია-ორთოპედიაში, უროლოგიაში, გინეკოლოგიაში და ქირურგიის სხვა დარგებში. მაგალითად, მშობიარობისას ტკივილის კუპირებისთვის გამოყენებული პერიდურული ანესთეზია პაციენტთა შორის პოპულარობით სარგებლობს.- რა არის კომბინირებული ნარკოზი?- კომბინირებული ნარკოზი ანუ ზოგადი კომბინირებული ანესთეზია ინტრავენური და ინჰალაციური ზოგადი ანესთეზიის მეთოდების ერთდროული გამოყენებაა.- მკითხველისთვის ცნობილია, რომ ოპერაციულ ჩარევამდე პაციენტს ყოველთვის სინჯავს ანესთეზიოლოგი. რატომ არის აუცილებელი ანესთეზიოლოგის კონსულტაცია, რომელ მონაცემებზე უნდა გამახვილდეს ამ დროს ყურადღება?- ანესთეზიოლოგია გულისხმობს, უწინარეს ყოვლისა, ავადმყოფის უსაფრთხოებას ქირურგიული მკურნალობის ძირითად ეტაპებზე. ეს კი წინასწარი გამოკვლევისა და მომზადების გარეშე შეუძლებელია. ამის გათვალისწინებით, ანესთეზიოლოგი კარგად უნდა იცნობდეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მან წინასწარ უნდა დაადგინოს, როგორი რეზერვი აქვს ორგანიზმს. ამიტომაც არის აუცილებელი ანესთეზიოლოგის მიერ საოპერაციო პაციენტის გასინჯვა, რასაც წინ უნდა უძღოდეს სრულყოფილი ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევა. ზოგჯერ მათი მონაცემების ცვლილება სპეციალური, გაფართოებული კვლევის ჩვენებას წარმოადგენს. ამის შემდეგ, პაციენტის გასინჯვისას და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევისას მიღებული მონაცემების გათვალისწინებით, შეფასდება ანესთეზიის რისკი, რომლის შესახებაც აუცილებლად აცნობებენ პაციენტს. ამ კვლევების დროს მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ანესთეზიოლოგი შეარჩევს გაუტკივარების მეთოდსა და რეცეპტს, რომელიც ყველაზე მეტად არის მისაღები კონკრეტული ორგანიზმისთვის, ვინაიდან სანარკოზე ტაქტიკა ყველა კონკრეტული პაციენტისთვის ინდივიდუალურად უნდა შემუშავდეს.- ამჟამად ჩვენს ქვეყანაში მრავალი რთული, ხანგრძლივი ოპერაცია ტარდება. რა პრობლემებთან არის დაკავშირებული ხანგრძლივი ნარკოზი?- ოპერაციული ჩარევის მოცულობიდან გამომდინარე, ხანგრძლივი ნარკოზის აუცილებლობა ზოგჯერ მართლაც დგება. დღეს ეს ორგანიზმს მნიშვნელოვან საშიშროებას აღარ უქმნის, ვინაიდან თანამედროვე საანესთეზიო მანქანა, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური სუნთქვის რეჟიმით, უმაღლესი ხარისხის საანესთეზიო პრეპარატები და ანესთეზიოლოგის მაღალი კვალიფიკაცია ასეთი ჩარევების რისკს მინიმუმამდე ამცირებს.- ბევრს აინტერესებს, სიცოცხლეში რამდენჯერ შეიძლება ჩატარდეს ანესთეზია, თუ არსებობს ამ თვალსაზრისით რაიმე ლიმიტი.- ანესთეზია, განურჩევლად მისი სახეობისა, უნდა ჩატარდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც აუცილებელი გახდება. არავითარი შეზღუდვა ამ თვალსაზრისით არ არსებობს.- ზოგიერთს ჰგონია, რომ ნარკოზი, განსაკუთრებით - ხანგრძლივი და მრავალჯერადი, იწვევს თმის ცვენას, კბილების კარიესს, მეხსიერების დაქვეითებას, აზიანებს გულს და ა.შ. აქვს თუ არა საფუძველი ამ მოსაზრებას?- რასაკვირველია, საანესთეზიო საშუალებები მართლაც ახდენს ორგანიზმზე არასასურველ ზემოქმედებას. არ არსებობს საანესთეზიო საშუალება, ტოქსიკური მოქმედება რომ არ ჰქონდეს, მაგრამ თანამედროვე საშუალებების გამოყენებისას ასეთი ეფექტების სიხშირე უმნიშვნელოა. წინათ, როდესაც არ იყო სისხლსა და ჰაერში საანესთეზიო პრეპარატის კონცენტრაციის განსაზღვრის საშუალება, აღნიშნული ეფექტები უფრო თვალსაჩინო გახლდათ. ამჟამად გვაქვს საშუალება, პრეპარატის მინიმა-ლური კონცენტრაციით მაქსიმალური ეფექტი მივიღოთ. როგორც საინჰალაციო, ისე საინექციო სანარკოზე საშუალებების ელიმინაცია ანუ ორგანიზმიდან გამოყოფა საკმაოდ სწრაფად ხდება. შესაბამისად, ორგანიზმზე ზემოქმედება და ნარკოზის შემდგომი ეფექტები მინიმალურია.- შეიძლება თუ არა, ენდოტრაქეული ნარკოზი ოპერაციის შემდგომი ფილტვების ანთების მიზეზად იქცეს? არსებობს თუ არა ასპირაციის - კუჭის შიგთავსის სასუნთქ გზებში მოხვედრის - რისკი?- ენდოტრაქეული ნარკოზის დროს ფილტვების ანთების ალბათობა არსებობს, მაგრამ  ნორმალური სტერილიზაცია, სასუნთქი კონტურის ბაქტერიული ფილტრები, ერთჯერადი სამედიცინო აღჭურვილო-ბით უზრუნველყოფა და სხვა ღონისძიებები რისკს საგრძნობლად ამცირებს. სწორედ ამიტომ თანამე-დროვე კლინიკებში სტაციონარული პნევმონიის ანუ ფილტვების ანთების სიხშირე დაბალია. რაც შეეხება ასპირაციას (პირნაღები მასების მოხვედრას სასუნთქ გზებში), მისი განსაზღვრული რისკი ყოველთვის არის, მაგრამ ქართველი ანესთეზიოლოგების მაღალი კვალიფიკაციის გამო ასეთი შემთხვევები ძალზე იშვიათია.- დაბოლოს, რა არ უნდა დაუმალოს ანესთეზიოლოგს პაციენტმა და ანესთეზიოლოგის რომელი რეკომენდაციის შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს მისთვის საბედისწერო?- პაციენტმა არც ერთ ექიმს და, მით უმეტეს, ანესთეზიოლოგს არავითარი ინფორმაცია არ უნდა დაუმალოს. მან უნდა იცოდეს, რომ ექიმი მკაცრად იცავს პაციენტის მიერ მიწოდებული მონაცემების კონფიდენციალურობის პრინციპს. ექიმისთვის არასრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება ანესთე-ზიასთან დაკავშირებული რისკის ზრდას ნიშნავს. ჩვენს კლინიკაში ყველა პაციენტი წერილობით პასუხობს კითხვარს, რომელიც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ 50-მდე კითხვას მოიცავს და ადამიანის ორგანიზმის ყველა სისტემას ეხება.ექიმის რეკომენდაციის შეუსრულე-ბლობა, ზოგიერთისთვის - ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგალითად, ოპერაციის წინ წყლის მიღების აკრძალვის ჩათვლით, შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს, ამიტომ პაციენტმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ანესთეზიოლოგის ყველა მითითება.  

ბინტის შექმნის ისტორია

administrator 31-08-2016, 00:44 1 148 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

რატომ დაიწყეს ბინტის დამზადება დოლბანდისგან? ვინ მოიგონა თაბაშირის ნახვევი და ლეიკოპლასტირი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ძალზე საყურადღებო ინფორმაცია აქვს მოძიებული ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატს, პეტერბურგელ ისტორიკოს-ეთნოგრაფს ვიქტორ მიხეილის ძე ევსტიგნეევს. ტყავის ბინტი ბინტს საინტერესო ისტორია აქვს. ცნობილია, რომ ძველად სისხლდენის შესაჩერებლად ჭრილობებზე ტყავისა და ბეწვის ზონრებს ადებდნენ. ამავე მიზნით სხვადასხვა მცენარის ფოთოლიც გამოიყენებოდა. ჭრილობათა შეხვევის ეს მეთოდიკა საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა, მანამ, სანამ ქსოვილთა წარმოება არ დაინერგა. ამ პერიოდიდან მოყოლებული ჭრილობათა შესახვევად ქსოვილი გამოიყენება. ყოველივე ამის შესახებ დაწვრილებითაა მოთხრობილი წიგნში "ასი რეცეპტი" - რომელიც ასწლეულების განმავლობაში ძველეგვიპტელთა მთავარი სამედიცინო სახელმძღვანელო და საუნჯე გახლდათ. ეგვიპტელ მკურნალებს მკაცრად განსაზღვრული მითითებანი ჰქონიათ "სუფთა ჭრილობათა" სამკურნალოდ. აღნიშნული ტიპის ჭრილობებს ისინი უხეში თეთრი ტილოთი ახვევდნენ. სხვადასხვა სამკურნალო მალამოსა და ნარევს წინასწარ სწორედ ტილოზე (და არა ჭრილობაზე) უსვამდნენ. ნახვევი რეგულარულად იცვლებოდა, ხოლო ვადა თითოეული ჭრილობისათვის მკაცრად განსაზღვრული და ინდივიდუალური იყო. საყურადღებოა, რომ ამგვარი მიდგომა ძალზე ეფექტიანი იყო. ჭრილობები საუკეთესოდ ხორცდებოდა. ამას ადასტურებს ჩვენამდე მოღწეულ მუმიფიცირებულ სხეულებზე კარგად შეხორცებულ უძველეს ჭრილობათა ნაკვალევი.  სპილენძის ნახვევი სხვაგვარი მდგომარეობა იყო ძველ რომში, სადაც ბამბისა და სელის ტანისამოსი ემოსათ, თუმცა ქსოვილი იმ პერიოდში ჯერ კიდევ არ გამოიყენებოდა ჭრილობათა შესახვევად. ჭრილობებზე ძველი რომაელები სხვადასხვა მეტალისა და შენადნობის თხელ ფირფიტებს ადებდნენ. შენადნობში ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი სპილენძი გახლდათ, მიაჩნდათ, რომ სპილენძი სისხლს აჩერებს. კიდურების ფიქსაციისთვის კი ფართოდ იყენებდნენ ტყავის ფართო ქამრებს. ასეთმა ტრადიციულმა მკურნალობამ მხოლოდ რამდენიმე ასწლეულის შემდეგ დაკარგა პოპულარობა. ჭრილობათა შესახვევად მოგვიანებით წითელი ფერის ქსოვილის გამოყენება დაიწყეს. ბატისტი დუელანტებისთვისშუასაუკუნოვან ევროპაში ჭრილობების შესახვევად ნებისმიერი სახის ქსოვილს იყენებდნენ. მთავარია ის სუფთა და მკვრივი (მტკიცე) ყოფილიყო. დროთა განმავლობაში მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მსუბუქი ბამბის ქსოვილი უკეთესად იწოვს სისხლსა და ჭრილობიდან სხვა გამონადენს. ამიტომაც დაიწყეს უფრო ძვირად ღირებული "ბინტის" გამოყენება. მაგალითად, ფრანგი დუელანტები დუელისას მიღებულ ჭრილობებს ბატისტით იხვევდნენ. დოლბანდი XVIII საუკუნის ბოლოს შეიქმნა. ის თავდაპირველად საწოლის გადასაფარებლად გამოიყენებოდა. სულ რამდენიმე წელიწადში დოლბანდმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა მედიცინაში. სამედიცინო პრაქტიკაში მისი დანერგვის დღიდან ყველა ექიმს მოეპოვებოდა ამ მსუბუქი და ჰიგროსკოპიული ქსოვილის საჭირო მარაგი. რა თქმა უნდა, იმ პერიოდში დოლბანდის სტერილობაზე ლაპარაკიც არ იყო. ამ ქსოვილს რეცხავდნენ, აშრობდნენ და ხელმეორედ იყენებდნენ საჭიროებისამებრ.  ლისტერის მოხსენება ბინტის შემდგომი ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული ცნობილი კომპანიის "ჯონსონი და ჯონსონის" სახელთან. შესახვევი მასალების წარმოების პირველობა ამ კომპანიამ მოიპოვა. თავდაპირველად ეს ქაღალდში შეფუთული დოლბანდი და ბინტი გახლდათ. ასეთმა პროდუქციამ გრანდიოზული აღიარება და დიდი წარმატება მოიპოვა მომხმარებელთა მხრიდან. პირველი დახმარების ეს უნიკალური საშუალება დიდი ოდენობით იყიდებოდა. 1867 წელს ერთ-ერთმა ძმამ, ჯონსონმა მოისმინა ექიმ ლისტერის მოხსენება. ექიმი ლისტერი გახლდათ ის პიროვნება, რომელმაც პირველმა გაილაშქრა უსუფთაო პირობებში სამედიცინო მანიპულაციების ჩატარების  წინააღმდეგ. საქმე ის გახლდათ, რომ იმ პერიოდში ექიმები ოპერაციებს სამოქალაქო (ანუ დაბინძურებულ) ტანსაცმელში აწარმოებდნენ. მშობიარეთათვის დახმარების აღმოჩენა ხშირად ხდებოდა ხელების ყოველგვარი წინასწარი საგულდაგულო დაბანის გარეშე. ფეხსაცმელს კი ექიმები არც იცვლიდნენ. ექიმმა ლისტერმა გააკრიტიკა ავადმყოფებისადმი ასეთი დამოკიდებულება, დაგმო მკურნალთა მიერ ჰიგიენის ელემენტარული წესების დაუცველობა. დაასაბუთა ის ფაქტი, რომ ოპერაციის შემდგომი გართულებების დიდი ნაწილი უსუფთაობის შედეგი იყო. ლისტერი ექიმებს მოუწოდებდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გამოცვლისაკენ ოპერაციის წინ, ასევე გამაუვნებელყოფელი ხსნარების სისტემატურად გამოყენებისაკენ. თავისი მოხსენების დიდი ნაწილი ლისტერმა შესახვევ მასალებსა და მათ დეზინფექციას დაუთმო. ჯონსონმა გადაწყვიტა გაეთვალისწინებინა ლისტერის რეკომენდაციები და დაენერგა ბინტის მწარმოებელი კომპანიის მიერ ქიმიური გაუვნებელყოფის მეთოდიკა. სამწუხაროდ, მას ეს არ გამოუვიდა. ამიტომაც დოლბანდის დამუშავება ცხელი ჰაერით დაიწყეს. ცნობილი იყო, რომ ამ მეთოდითაც იღუპებიან მავნე მიკროორგანიზმები. ასე შეიქმნა პირველი ასეპტიკური შესახვევი მასალა 1880 წელს. უმალ შემცირდა ჩირქოვან გართულებათა რიცხვიც. 10 წლის შემდეგ დოლბანდის ქსოვილი უკვე ორმაგ დამუშავებას განიცდიდა, ცხელი ჰაერითა და ორთქლით, რომელიც მაღალი წნევის ქვეშ მიეწოდებოდა. ამ დროიდან მოყოლებული ადამიანებს საშუალება აქვთ გამოიყენონ სტერილური ბინტი.

დიალიზის ისტორია

administrator 31-08-2016, 00:26 988 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

დიალიზი (ბერძნულად - დაშლა, გამოყოფა), კოლოიდური სისტემებიდან და მაღალმოლეკულური ნაერთების ხსნარებიდან ნახევრად შეღწევადი მემბრანების მეშვეობით დაბალმოლეკულური მინარევების გამოყოფას ნიშნავს. დიალიზს ძალზე საინტერესო და ხანგრძლივი ისტორია აქვს. ზოგადად სისხლის გაწმენდა ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში წარმოადგენდა აქტუალურ სამედიცინო ამოცანას. ამ მეტად რთული ამოცანის გადაწყვეტის გზებს მეცნიერები და მკვლევარები ასეულობით წლის განმავლობაში ეძებდნენ. ძველად მიაჩნდათ, რომ მრავალი დაავადება ორგანიზმის სითხეთა შერევის გამო ვითარდება. აქედან გამომდინარე, ორგანიზმის გაწმენდის მიზნით სხვადასხვა მცენარისა და მინერალების ხსნარებს, ნახარშებს იყენებდნენ. თუმცა ყოველივე ეს ხშირ შემთხვევაში არათუ უეფექტო, მავნებელიც კი იყო ადამიანისთვის. შესაბამისად, სისხლის გაწმენდისადმი ინტერესი სულ უფრო მძაფრდებოდა და აქტუალურ პრობლემად რჩებოდა. მე-19 საუკუნის დასაწყისში სისხლის გაწმენდის პრობლემა სრულიად სხვაგვარი მიდგომითა და განსხვავებული კუთხით წამოიჭრა, რადგან, ბიოქიმიის განვითარებისდა კვალად, ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე მრავალ პროცესს მოეფინა ნათელი. ჰემოდიალიზის ფიზიოლოგიური საფუძვლები 1854 წლით თარიღდება, როდესაც შოტლანდიელმა სწავლულმა თომას გრეჰემმა გამოაქვეყნა ნაშრომი "კოსმოსური ძალა". ამ ნაშრომში პირველად აღიწერა სპეციალურად დამუშავებული პერგამენტისგან ნახევარგამტარი მემბრანების დამზადების მეთოდი. აღნიშნული მეთოდით შესაძლებელი გახდა კოლოიდური და კრისტალოიდური ხსნარების გაყოფა. თომას გრეჰემმა თავის ნაშრომებში ექსპერიმენტულად დაამტკიცა დიფუზიისა და ოსმოსის დღეს უკვე კლასიკურად აღიარებული და ცნობილი კანონები. პერგამენტით კრისტალოიდური ხსნარების დიფუზიის პროცესს შოტლანდიელმა სწავლულმა დიალიზი უწოდა. თავის ნაშრომებში მან აჩვენა აგრეთვე კავშირი დიფუზიის სიჩქარესა და მოლეკულათა ზომებს შორის: რაც უფრო დიდი ზომისაა მოლეკულა, მით უფრო დაბალია დიფუზიის სიჩქარე. 1913 წელს ამერიკელმა სწავლულმა ჯონ ჯეკობ აბელმა შექმნა ჰემოდიალიზის აპარატი, რომელიც ხელოვნური თირკმლის წინამორბედი გახლდათ. ამ აპარატით შესაძლებელი იყო სისხლიდან გარკვეული ნივთიერებების გამოყოფა. ექსპერიმენტები ტარდებოდა ძაღლებზე, რომელთაც თირკმელები ამოკვეთილი ჰქონდათ. ცდების მიმდინარეობისას დადასტურდა, რომ სისხლიდან შესაძლებელია ცილებთან დაკავშირებული აზოტოვანი შენაერთების ეფექტურად გამოყოფა. თუმცა აპარატის ფილტრირებადი მემბრანის მცირე ზედაპირი ადამიანთა სისხლის ეფექტურად გაწმენდის საშუალებას არ იძლეოდა. აპარატში გამავალი სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად გამოიყენებოდა ჰირუდინი - ანტიკოაგულანტი, რომელსაც წურბელებისგან იღებდნენ. პრეპარატის დაბალი ეფექტურობის გამო თრომბოემბოლიური გართულებები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ადამიანს პირველად ჰემოდიალიზი გერმანიაში, ექიმ გეორგ ჰაასის მიერ ჩაუტარდა 1924 წელს. ანტიკოაგულანტად გამოყენებულ იქნა გაწმენდილი (გასუფთავებული) ჰირუდინი, რომლის ანტიგენური თვისებებიც 30-60 წუთზე მეტხანს დიალიზის ჩატარების საშუალებას არ იძლეოდა. 1927 წელს ჰემოდიალიზის დროს ანტიკოაგულანტის სახით პირველად გამოიყენეს ჰეპარინი. ამგვარად, გეორგ ჰაასი გახლდათ ის პიროვნება, რომელმაც  წარმატებული ჰემოდიალიზისთვის საჭირო ყველა კომპონენტი  გააერთიანა და ყველაფერს ერთად მოუყარა თავი. მან გამოიყენა ეფექტური და უსაფრთხო ანტიკოაგულანტი, შექმნა დიდფართობიანი მემბრანის მქონე აპარატი, უზრუნველყო ფილტრირებად მემბრანაზე სისხლის ეფექტური მიწოდება და სხვა. ჰემოდიალიზის საშუალებით ურემიული კომიდან ადამიანის წარმატებით გამოყვანა პირველად 1945 წლის 3 სექტემბერს განხორციელდა. ჰოლანდიელმა მეცნიერმა და ექიმმა ვილიემ კოლფმა კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვისას კიდევ უფრო დახვეწა და სრულყო გეორგ ჰაასის მიერ შექმნილი დიალიზის აპარატი. პირველი წარმატებულად ოპერირებული პაციენტი გახლდათ 67 წლის ქალბატონი, რომელსაც ურემია ჰქონდა. ჰემოდიალიზს ხომ ურემიასთან საბრძოლველად  მიმართავდნენ (ურემია - ბერძ. ურონ - შარდი, ჰემა - სისხლი. პირდაპირი მნიშნელობით ის სისხლში შარდის არსებობას გულისხმობს, პათოლოგიური თვალსაზრისით კი ორგანიზმის თვითმოწამვლაა, რომელსაც ადგილი აქვს თირკმლის დაავადებათა დროს, თირკმელების მიერ მავნე ნივთიერებათა გამოყოფის უნარის დაქვეითების გამო. განასხვავებენ ურემიის აზოტემიურ და ეკლამფსიურ ფორმებს). ჰემოდიალიზატორით სისხლის გაწმენდის შედეგად, შესაძლებელი იყო სისხლიდან შარდოვანას გამოდევნა და ავადმყოფის კომიდან გამოყვანა. ექიმმა ვილიემ კოლფმა ყოველივე ეს შეძლო. პაციენტის მდგომარეობა 1945 წლის 11 სექტემბერს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა. ამგვარად, კლინიკურ პრაქტიკაში პირველად დადასტურდა მეთოდის ეფექტურობა. 1946 წელს ვილიემ კოლფმა გამოსცა პირველი სახელმძღვანელო ურემიულ პაციენტთა ჰემოდიალიზით მკურნალობის საკითხებზე. რაც შეხება ქრონიკულ ჰემოდიალიზს, მისი დაწყების ეპოქად 1960 წელი მიიჩნევა. ამ წელს ბელდინგ სკრიბნერმა და ვეინ კვინტონმა ხანგრძლივვადიანი სისხლძარღვოვანი მიდგომის საკითხი გადაჭრეს. 1960 წლის 10 აპრილს ჩიკაგოში გაცხადდა ინფორმაცია ახალი მოწყობილობის შესახებ. ხანგრძლივვადიანი სისხლძარღვოვანი მიდგომა უზრუნველყოფილ იქნა სხივის არტერიასა და კანქვეშა ვენაში ორი თხელკედლიანი ტეფლონის მილაკის ჩანერგვით (ტეფლონი (პოლიტეტრაფტორეთილენი, ფტოროპლასტ-4) სპეციალურად მიღებული განსაკუთრებული თვისებების მქონე ხელოვნური მასალაა). შუნტის გარეთა ბოლოები ერთდებოდა ტეფლონის მილაკში, რომელსაც აშორებდნენ ჰემოდიალიზის ჩატარების დროს, შუნტებს კი ჰემოდიალიზატორს უერთებდნენ.    

სისხლის გადასხმისა და დონორობის ისტორია

administrator 31-08-2016, 00:15 1 400 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

ძველად სისხლი სასწაულმოქმედ სითხედ იყო აღიარებული. მიაჩნდათ, რომ მისი მიღება სიცოცხლეს ახანგრძლივებდა. ცნობილია, რომ ჰიპოკრატე ფსიქიკის დარღვევების მქონე პაციენტებს ჯანმრთელი ადამიანის სისხლის დალევას ურჩევდა. მკურნალობის ანალოგიური მეთოდის შესახებ ინფორმაცია ცელსიუსის ნაშრომებშიც მოიპოვება. თურმე ეპილეფსიით დაავადებულებსა და მოხუცებულებს მომაკვდავი გლადიატორების სისხლს ასმევდნენ. სისხლს გამაახალგაზრდავებელ უნარსაც მიაწერდნენ. მაგალითად, ცნობილია, რომ მოხუცი რომის პაპი ინოკენტი VIII  სამი 10 წლის ბიჭუნას სისხლით მკურნალობდა, თუმცა ამან ვერ უშველა - მალე გარდაიცვალა. სამკურნალო მიზნით ცხოველთა სისხლს ბრძოლის დროსაც სვამდნენ, ამიტომ ეგვიპტელ მეომართა რაზმებს უკან ყოველთვის ცხვრის ფარა მისდევდა. ცხვრის სისხლით ეგვიპტელები დაჭრილებს მკურნალობდნენ. 1628 წელს ინგლისელმა სწავლულმა ჰარვიმ ცოცხალ ორგანიზმში სისხლის მოძრაობის პრინციპი აღმოაჩინა, რითაც სისხლის გადასხმის მეთოდის შემუშავებას ჩაუყარა საფუძველი. ერთი ძაღლისგან მეორისთვის სისხლის გადასხმის პირველი წარმატებული ექსპერიმენტები 1666 წელს ინგლისელმა ანატომმა რ. ლოუერმა განახორციელა, 1667 წელს კი ფრანგმა ექიმმა დ. ბ. დენიმ პირველად სცადა ცხოველისგან ადამიანისთვის სისხლის გადასხმა. მან ცხელებით მომაკვდავს ბატკნის ერთი ჭიქა სისხლი გადაუსხა. მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფი სიკვდილს გადაურჩა, სხვა პაციენტები სისხლის გადასხმაზე არ თანხმდებოდნენ. მაშინ სწავლულმა განაცხადა, რომ ის, ვინც სისხლს გადაისხამდა, დიდ გასამრჯელოს მიიღებდა. უმალვე გამოჩნდა ერთი ხელმოკლე მუშა პარიზის ღატაკთა კვარტლიდან და ექიმს ცდებისთვის საკუთარი თავი შესთავაზა. სისხლის გადასხმის შემდეგ მუშამ თავი კარგად იგრძნო და საკუთარი სისხლი ახლა სხვებს შესთავაზა გადასასხმელად. ასე იქცა იგი პირველ დონორად კაცობრიობის ისტორიაში (დონორი გახლავთ პირი, რომელიც ნებაყოფლობით აძლევს ავადმყოფს საკუთარ სისხლს). დენის მიერ ჩატარებულ ყველა გადასხმას მშვიდობიანად არ ჩაუვლია - იყო გართულებები, სიკვდილის შემთხვევები, რის გამოც საფრანგეთში სისხლის გადასხმა აიკრძალა. მიზეზი, ცხადია, ის გახლდათ, რომ ცხოველისა და ადამიანის სისხლი შეუთავსებელია. ადამიანის ორგანიზმში ცხოველის სისხლი იშლება. თუმცა მომაკვდავი ადამიანისთვის ჯანმრთელის სისხლის გადასხმის აზრი ექიმებს მაინც არ ასვენებდა. 1832 წელს პეტერბურგელმა მეანმა გ. ვოლფმა პირველად განახორციელა ადამიანისგან ადამიანისთვის სისხლის გადასხმა. რეციპიენტი (ის,  ვისაც სისხლი გადაუსხეს) გახლდათ მშობიარე, რომელმაც ბევრი სისხლი დაკარგა. გადასხმამ წარმატებით ჩაიარა - ქალი გადარჩა. დონორობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. აღმავლობას დაცემა მოსდევდა, იყო პერიოდები, როდესაც სისხლის გადასხმა კანონით გახლდათ აკრძალული. ჯერ ერთი, ტექნიკური თვალსაზრისით მეტად რთული პროცედურა გახლდათ (არც არის გასაკვირი - მაშინ ხომ საინექციო ნემსები და თანამედროვე შპრიცები არ არსებობდა, 1656 წელს ქრისტოფერ რენი საინექციო ნემსად ფრინველის ნაკრტენს იყენებდა, შპრიცად კი ცხოველებისა და თევზის ბუშტს), მეორეც, ხშირად მძიმე გართულებებს იწვევდა. ზოგიერთი შემთხვევა სიკვდილითაც კი მთავრდებოდა. იმხანად ყოველივე ამის მიზეზი, ცხადია, არ იცოდნენ. ახლა უკვე ცნობილია, რომ გართულებები და სიკვდილი სისხლის შეუთავსებლობის ბრალი იყო, რომ ადამიანისთვის არათუ ცხოველის, არამედ ყველა ადამიანის სისხლის გადასხმაც არ შეიძლება. სისხლის ჯგუფობრიობის აღმოჩენამ სისხლის გადასხმის მეთოდის სრულყოფასა და დონორობის განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულა - ნათელი მოეფინა პოსტტრანსფუზიული გართულებების მიზეზსა და არსს, შესაძლებელი გახდა მათი თავიდან აცილება. სისხლის ჯგუფობრიობის გათვალისწინებით პირველი გადასხმები 1909 წელს ამერიკელმა ქირურგმა ჯ. კრაილიმ განახორციელა. მას შემდეგ სისხლის გადასხმის მეთოდი უფრო და უფრო დაიხვეწა და სრულყოფილი გახდა. დღეს დონორობის ინსტიტუტი სცდება ვიწრო სამედიცინო პრობლემის ჩარჩოებს, რომელიც სამკურნალო დაწესებულებათა სისხლით მომარაგებას გულისხმობს; დონორობა სოციალურად აქტუალურ პრობლემად მიიჩნევა, ვინაიდან ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებას ასახავს და, აქედან გამომდინარე, მთელი საზოგადოების ინტერესებს ეხება.  

გენი, რომელიც არავის ინდობს

administrator 31-08-2016, 00:04 888 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

ალცჰაიმერის დაავადების მსხვერპლნი აღმოჩნდნენ:პოლიტიკოსებირონალდ რეიგანი (1911-2004) - ამერიკის მე-40 პრეზიდენტი და ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, რომელიც ამერიკელებმა პრეზიდენტად აირჩიეს. ალცჰაიმერის დაავადება სჭირდათ ასევე მის დედასა და ძმას.რ. საირუს ვენსი (1917-2000) - საერთაშორისო სამართლის უდიდესი სპეციალისტი, ამერიკის პრეზიდენტების კენედის, ჯონსონის, ნიქსონისა და კარტერის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.მარგარეტ ტეტჩერი (1925) - მე-20 საუკუნის დიდი ბრიტანეთის ყველაზე გამორჩეული პრემიერ-მინისტრი, "რკინის ლედი". მან არჩევნები ზედიზედ სამჯერ მოიგო.  ჰაროლდ უილსონი (1916-1995) - ინგლისის პრემიერ-მინისტრი მე-20 საუკუნის 60-იან წლებში.ჰოლანდიის პრინცესა იულიანა (1910-2004) - ტახტზე იჯდა 1948-1980 წლებში. მას შემდეგ, რაც დაავადება აღმოაჩნდა, მთელ დროს ავადმყოფების, ინვალიდებისა და მოხუცებულების მოვლა-პატრონობაში ატარებდა. ცხოვრების უკანასკნელ წლებში ოჯახისგან მოშორებით ცხოვრობდა და ოჯახის წევრებს ვეღარ ცნობდა.ო. ბენჯამინ დევის უმცროსი (1913-2002) - ამერიკის საჰაერო შეიარაღებული ძალების პირველი შავკანიანი მფრინავი, ლეგენდარული 332-ე გამანადგურებელი ჯგუფის ლიდერი. მან II მსოფლიო ომის დროს ევროპის თავზე 200 საჰაერო საბრძოლო გაფრენა განახორციელა. 1970 წლიდან მარშალის პროგრამის ფარგლებში ფედერალური ცის დაცვის პროგრამას ხელმძღვანელობდა.ექსპერტები დღემდე ვერ შეთანხმებულან, ჰქონდა თუ არა უინსტონ ჩერჩილს ალცჰაიმერის დაავადება. ზოგი ამტკიცებს, რომ დაავადებისთვის დამახასიათებელი რამდენიმე სიმპტომი მას მართლაც სჭირდა. მეცნიერები და მწერლებიდენის ჰარტი (1930-2005) - ოქსფორდის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრის პროფესორი, თანამედროვე ფსიქიატრიის პირველი სახელმძღვანელოს ავტორი, თავისი დროის უდიდესი ფსიქიატრი.უილიამ კელი (1923-2006) - უდიდესი ქირურგი, კუჭქვეშა ჯირკვლის პირველი წარმატებული გადანერგვის ავტორი.უილიამ სომერსეტ მოემი (1874-1965) - ინგლისელი მწერალი, დრამატურგი და ნოველისტი. ჯონათან სვიფტი (1667-1745) - ინგლისელი სატირიკოსი და პოლიტიკური პამფლეტისტი, ინგლისური პროზის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ოსტატი. მისი ნაწარმოებები დღესაც იბეჭდება, ყველაზე ხშირად კი "გულივერის მოგზაურობა".აირის მერდოკი (1919-1999) - ინგლისელი მწერალი, რომანების "ველური ვარდისა" და "შავი პრინცის" ავტორი, დიდი ბრიტანეთის უმაღლესი ლიტერატურული პრემიის ექვსგზის ნომინანტი. ხელოვნების მოღვაწენიჯორჯ ბალანჩინი (1904-1983) - ცნობილი ქართველი კომპოზიტორის მელიტონ ბალანჩივაძის არანაკლებ ცნობილი ვაჟი, ქორეოგრაფი, ამერიკული ბალეტის ფუძემდებელი. ჯორჯ გერშვინსა და რიჩარდ როჯერსთან ერთად მან მსოფლიოში ყველაზე მძლავრი საბალეტო დასი შექმნა.მორის რაველი (1875-1937) - ფრანგი კომპოზიტორი, ცნობილი "ბოლეროს" ავტორი. მსახიობებირიტა ჰეივორდი (1918-1987) - II მსოფლიო ომის წლებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სექსუალური მსახიობი. მსახიობის გარდაცვალების შემდეგ მისი ქალიშვილი ყოველწლიურად სოლიდურ თანხას ურიცხავს ალცჰაიმერით დაავადებულთა დამხმარე ასოციაციას.ჩარლტონ ჰესტონი (1924-2008) - ცნობილი ფილმების: "ათი მცნების", "ბენ გურის", "ელ სიდის" გმირი, ოსკარის ორგზის მფლობელი.ჩარლზ ბრონსონი (1921-2003) - "შესანიშნავი შვიდეულის", "დიდი გაქცევისა" და სხვა ფილმების გმირი. იგი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, თუმცა ალცჰაიმერით იყო დაავადებული.ბერჯეს მერედიტი (1908-1997) - პინგვინი ფილმში "ბეთმენი" და ჭაღარა მწვრთნელი ფილმში "როკი". ვინსენტ მინელი  (1903-1986) - ცნობილი კინორეჟისორი, ლაიზა მინელის მამა.უ. ჰორვარდ კოხი (1917-2001) - კინოსტუდია Paramount Pictures-ის პრეზიდენტი, ამერიკის კინოხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი. სპორტსმენებიბეტი შვარცი (1911-1999) - პირველი ქალი, რომელმაც 1928 წელს  ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. სენდი შორნიკი - მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი კრივში. 1990 წელს დაჯილდოვდა მსოფლიო კრივის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილის გამო.ფლოიდ პეტერსონი (1935-2006) - მძიმეწონოსანი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი კრივში.რეი რობინსონი (1921-1989) - ყველა დროის საუკეთესო მოკრივე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი.ფერენც პუშკაში (1927-2006) - ცნობილი უნგრელი ფეხბურთელი.

გრიპის ისტორია

administrator 30-08-2016, 23:59 1 036 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

მედიცინის ისტორიაში ცნობილია გრიპის A სეროვარიანტით გამოწვეული ეპიდემიები და პანდემიები:* 1889-1890, H2N8 - მძიმე ეპიდემია;* 1900-1903, H3N8 - ზომიერი ეპიდემია;* 1918-1920 H1N1 - მძიმე პანდემია (ისპანკა - ესპანური გრიპი);* 1933-1935, H1N1 - საშუალო სიმძიმის ეპიდემია;* 1946-1947, H1N1 - საშუალო სიმძიმის ეპიდემია;* 1957-1958, H2N2 - მძიმე პანდემია (აზიური გრიპი);* 1968-1969, H3N2 - ზომიერი პანდემია (ჰონკონგის გრიპი);* 1977-1978, H1N1 - საშუალო სიმძიმის პანდემია;* 1995-1996, H1N1 და H3N2  - მძიმე პანდემია;* 2006-2007, H5N1 - ზომიერი პანდემია (ფრინველის გრიპი);* 2009, H1N1 - ზომიერი პანდემია (ღორის გრიპი). ისპანკამდეისტორიულ წყაროებში გრიპის ეპიდემიის შესახებ პირველი ცნობები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 876 წელს ჩნდება, თუმცა უკვე დადგენილი გრიპის პირველი ეპიდემია 1173 წლით თარიღდება, როდესაც იტალია, გერმანია და ინგლისი ციებ-ცხელებით მიმდინარე კატარული დაავადების დიდმა ეპიდემიურმა ტალღამ მოიცვა. XIX საუკუნის ბოლომდე გრიპი კონტაგიოზურ (ერთი ადამიანისგან მეორეზე უშუალოდ გადამდებ) დაავადებად არ მიიჩნეოდა - ის, ვინაიდან ელვის სისწრაფით ედებოდა დიდ დასახლებულ პუნქტებს, მიაჩნდათ მიაზმურ პათოლოგიად, რომელიც ადამიანისთვის მავნე, უხილავი ობიექტებით - მიაზმებით ვრცელდებოდა. სახელწოდება "ინფლუენცა" სამედიცინო ნაშრომებში პირველად 1732-1738 წლებში გამოჩნდა, ხოლო "გრიპი" - 1742-1743 წლებში. ტერმინის წარმოშობის შესახებ ორი მოსაზრება არსებობს. პირველის თანახმად, იგი მომდინარეობს იმ მწერის ფრანგული სახელიდან ლა გრიპპე, რომლის მასობრივი შემოსევაც აღინიშნა ინგლისსა და საფრანგეთში ეპიდემიის დროს - სწორედ მას მიაწერეს დაავადების გადამტანის ფუნქცია. მეორე ვერსიით, იგი გერმანული "რეიფენ"-ისგან ან ფრანგული "აგრიპპერ"-ისგან წარმოდგება, რაც ხარბად დატაცებას, მიტაცებას ნიშნავს. XIX საუკუნემდე გრიპს ხშირად კატარულ ეპიდემიას, კონტაგიოზულ ცეფალგიას და კატარულ ცხელებას უწოდებდნენ. ისპანკაისპანკა 1918-1920 წლებში ესპანეთიდან წამოსული გრიპის უდიდესი პანდემიაა,  რომელმაც ოფიციალურად 20 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა რიცხვზე ორჯერ მეტია. დღემდე ცნობილ ვირუსებს შორის ისპანკას გამომწვევი ყველაზე დაუნდობელი, მასშტაბური და მრისხანე აღმოჩნდა. შემოდგომის მიწურულს და ზამთრის დამდეგს,  როდესაც ესპანეთში გრიპის რამდენიმე შემთხვევა აღინიშნა, არავის გაჰკვირვებია - ზამთარი სურდოსა და სიცხის გარეშე ხომ არც არსებობს, მაგრამ ვირუსი განსაკუთრებული აღმოჩნდა... პირველი გარდაცვლილები ბავშვები და ქალები იყვნენ, ისინი უმთავრესად ფილტვების ანთებით, მენინგოენცეფალიტითა და ტვინის შეშუპებით იღუპებოდნენ. ესპანეთში მალე კარანტინი გამოცხადდა, დაწესდა მკაცრი კონტროლი საზღვრებსა და ქვეყანაში შემომავალ-გამავალ მგზავრებზე, მაგრამ უკვე გვიანი იყო - გრიპის ვირუსი მეზობელ ქვეყნებსაც მოედო. ესპანეთსა და მის მეზობელ ქვეყნებში მოსახლეობა პირბადეებით დადიოდა, ჯიბით ხახვსა და ნიორს ატარებდა, დაავადებულთა ჭურჭლისა და ტანსაცმლის იზოლაცია და დეზინფექცია ყოველდღიურ აუცილებლობად იქცა, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს - ვირუსმა 2 წელიწადში დედამიწის მოსახლეობის 70% მოიცვა. მომაკვდინებელი ვირუსი ყველაზე მეტად ბავშვებსა და ქალებს ერჩოდა, განსაკუთრებით მათ, ვისაც მიზეზთა გამო დასუსტებული ჰქონდა ორგანიზმის დამცავი ძალები, შინაგანად დათრგუნული და დეპრესიული იყო. ისპანკა დაუნდობლად ანადგურებდა ფაბრიკა-ქარხნების მუშებს, რომლებიც დღეში 10-12 საათს შრომობდნენ და მძიმე ფიზიკური შრომისგან ისედაც ძლივს იდგნენ ფეხზე. უკანასკნელმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ისპანკას პანდემიის დროს დაღუპულთა ოფიციალური რაოდენობა რეალურზე ორჯერ ნაკლებია. რეალურად მის მსხვერპლთა რიცხვი 40-50 მილიონს აღწევს. სპეციალისტთა აზრით, გრიპის მორიგი პანდემიები გარდაუვალია, მაგრამ როდის იქნება ისინი, ზუსტად არავინ იცის. ამგვარი პანდემია საშუალოდ 30-40 წელში ერთხელ იჩენს თავს. მსოფლიოში 30 წელიწადზე მეტია აქტიურად ცირკულირებს A გრიპის H3N2 შტამი, ამიტომ მორიგ პანდემიას ნებისმიერ დროს უნდა ველოდოთ, თუმცა ახლა 1920 წელი არ არის და ვიმედოვნებთ,  არც გრიპის მორიგი პანდემიის შედეგები იქნება მაშინდელის მსგავსი.  

ცნობილი ფსიქოპათები

administrator 30-08-2016, 23:54 982 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 ფსიქიკაშერყეული ადამიანები ზოგჯერ გაცილებით მეტს აღწევენ, ვიდრე გაწონასწორებული პიროვნებები - ასეთია ამერიკელ მეცნიერთა სამედიცინო დასკვნა. გაუწონასწორებელი ფსიქიკა ადამიანს თურმე ძლიერ ბიძგს აძლევს დასახული მიზნის მისაღწევად. გუნება-განწყობილების ხშირი ცვალებადობა, ემოციათა დაუფარავად გამოხატვის უნარი, სიჯიუტე და შრომისმოყვარეობა მათ დამატებითი ენერგიით აღავსებს და გასაოცარი საქმეების ჩადენის უნარს სძენს. ასეთი ადამიანები საკმაოდ ამბიციურნი არიან, მათ მშვენივრად იციან, რისი მიღწევა სურთ და თავდაუზოგავად იღვწიან მიზნის მისაღწევად. დასახულის მიღწევაში ფსიქოპათებს ეხმარება ისიც, რომ არაფრის წინაშე არ იხევენ უკან. სწორედ ასეთი თვისებების მატარებელი იყო ადოლფ ჰიტლერი. ასეთ ადამიანებს დღესაც ხშირად შეხვდებით. აბრამ ლინკოლნიის გახლდათ პოლიტიკოსი, რომელმაც შეძლო, ქვეყანა ურთულესი ვითარებიდან ღირსეულად გამოეყვანა, თავად კი ცხოვრების დიდი ნაწილი დეპრესიის უმძიმესი ფორმით იტანჯებოდა. ისტორიკოსები მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დეპრესიულ პიროვნებად მიიჩნევენ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სიმპტომები ჰქონდა მის დედ-მამასაც, რაც ამგვარი ფსიქოემოციური მდგომარეობის გენეტიკურ ბუნებაზეც მიუთითებს. 1838 წელს ლინკოლნმა გამოაქვეყნა საკუთარი ლექსი "თვითმკვლელის მონოლოგი", რომელშიც სინანულით აღნიშნავს, რომ არ ეშინია ჯოჯოხეთის, რამდენადაც არასდროს უგემია ამქვეყნიური კმაყოფილება. ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი1827 წელს კომპოზოტორი ღვიძლის უკმარისობით დაიღუპა. იგი მრავალი წლის განმავლობაში უმძიმესი სულიერი ტანჯვისგან თავის დასაღწევად, თუნდაც მცირედი შვებისთვის, ალკოჰოლურ სასმელებსა და ოპიუმს იყენებდა. ბეთჰოვენის ბიპოლარული დარღვევების შესახებ კარგად იცოდნენ მისმა ახლობლებმა და მეგობრებმა. მათი გადმოცემით, როდესაც სულიერი მდგომარეობა უმწვავდებოდა, სწორედ მაშინ ქმნიდა კომპოზიტორი ყველაზე ცნობილ ნაწარმოებებს. მანიაკური ეპიზოდები ყველაზე უკეთ ასაზრდოებდა მის შემოქმედებას. ყველა თავისი საუკეთესო თხზულება მან ტანჯვისა და სულიერი მარტოობის დროს, ფსიქოზის სტადიაში შექმნა. აბსოლუტურად სმენადაკარგულ ლუდვიგს 12 წელი დასჭირდა, რათა თავისი უკანასკნელი, მე-8 სიმფონია დაესრულებინა. მას არაერთხელ უფიქრია თვითმკვლელობაზეც, რის შესახებაც მოგვიანებით წერილით აცნობა ძმებს. 1813 წლის დასაწყისში მას მდგომარეობა იმდენად გაუმწვავდა, რომ საკუთარ თავსაც კი აღარ უვლიდა. მთელი დღეების განმავლობაში  ბობოქრობდა, წერაზე ფიქრიც აღარ სურდა... ედვარდ მუნკიცნობილია, რომ თავისი ყველაზე ცნობილი ორი ნაწარმოები მან 1892 წლის იანვარში, ოსლოში განცდილი უდიდესი პანიკური შეტევის შემდეგ შექმნა. აღსანიშნავია, რომ მის ოჯახშიც იყო ფსიქიკის დარღვევის შემთხვევები. მიქელანჯელოცნობილი ადამიანების სამედიცინო ბიოგრაფიების შედგენისას ავტორებმა ეჭვი გამოთქვეს, რომ მიქელანჯელოს აუტისტური სპექტრის დარღვევა სჭირდა. სიქსტის კაპელის ჭერზე მიქელანჯელოს ნამუშევრების ნახვისას ბევრი გაოგნებულა და გაოცება ვერ დაუფარავს - როგორ შექმნაო ჩვეულებრივმა ადამიანმა ეს საოცრება.

სტრეპტოკოკური ინფექცია

administrator 20-08-2016, 01:05 3 515 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

 
სტრეპტოკოკური ინფექცია ანუ სტრეპტოკოკოზი გულისხმობს ფართო სპექტრის კლინიკურ გამოვლინებებს, რომელთა გამომწვევია სტრეპტოკოკი. კლინიკური სურათი მრავალფეროვანია, კანისა თუ კანქვეშა ქსოვილების მსუბუქი დაზიანებიდან დაწყებული, მძიმე გენერალიზებული ფორმებით (სეპტიცემია, სეპტკოპიემია) დამთავრებული. სტრეპტოკოკურ ინფექციას მიეკუთვნება ქუნთრუშა, წითელი ქარი, რევმატიზმი, მწვავე გლომერულონეფრიტი, ოსტეომიელიტი. ყველა აღნიშნულ ფორმას შეუძლია, სერიოზული ზიანი მიაყენოს ორგანიზმს, განსაკუთრებით კი ბავშვისას. ამდენად, მნიშვნელოვანია დაავადების დროული ამოცნობა და სწორი მკურნალობა. გვესაუბრება ინფექციონისტი მაკა შარაშენიძე.- ცნობილია, რომ არსებობს სტრეპტოკოკების რამდენიმე ჯგუფი. რომელი მათგანია ადამიანისთვის ყველაზე საშიში? - ყველაზე საშიშია ა ჯგუფის ბეტაჰემოლიზური სტრეპტოკოკი - GAS და B ჯგუფის სტრეპტოკოკი - GBS, რომლებიც ახალშობილებში ადგილობრივ ინფექციებსა და მძიმე გენერალიზებულ დაავადებას იწვევს. სხვა ჯგუფის სტრეპტოკოკები უმთავრესად ცხოველთა ორგანიზმში ცირკულირებს, თუმცა ბოლო დროს ზოგიერთი მათგანიც იწვევს ადამიანის პათოლოგიას. სტრეპტოკოკები ძლიერ მგრძნობიარენი არიან ანტიბიოტიკების, განსაკუთრებით - პენიცილინის, ერითრომიცინის მიმართ, მალე იხოცებიან სადეზინფექციო ნივთიერებების ზემოქმედებით, სამაგიეროდ, კარგად უძლებენ დაბალ ტემპერატურას, გამომშრალ ჩირქში ან სისხლში სიცოცხლის უნარს კვირაობითა და თვეობით ინარჩუნებენ.  - როგორ ვრცელდება დაავადება?- ინფექციის წყაროა ნებისმიერი კლინიკური გამოვლინების მქონე ინფიცირებული, მათ შორის - ბაქტერიამატარებელიც, ამიტომ თუ ბავშვს ხახის ნაცხის ბაქტერიული გამოკვლევისას სტრეპტოკოკი ამოეთესა, საჭიროა მკურნალობა, განურჩევლად იმისა, გამოვლენილია თუ არა ინფექცია კლინიკურად. GAS-ის გადაცემის მექანიზმი ჰაერწვეთოვანია. ხველის, ცემინების, ლაპარაკის დროს გამოყოფილი რესპირატორული სეკრეტი გამოშხეფებისას მტვერს ერევა და ჰაერში ცირკულირებს. ამის გამო და ახლომახლო ადგილებში, მათ შორის - სკოლაში, ბაგა-ბაღში, ინტერნატში. ხელების ჩირქოვანი დაზიანების შედეგად შესაძლოა ბაქტერიებით დაბინძურდეს რძე, რძის პროდუქტები, ასევე - კრემი და სხვა საკონდიტრო ნაწარმი. საკვებში სტრეპტოკოკი მრავლდება, რაც საბოლოოდ კვებით ტოქსიკოინფექციას (საკვებისმიერ ინტოქსიკაციას) განაპირობებს. არ არის გამორიცხული ინფექციის გადაცემა ინფიცირებული ნივთების, სათამაშოების მეშვეობით. მესამე პირის საშუალებით დაავადება ნაკლებად ვრცელდება. სტრეპტოკოკური ინფექციის მიმართ მიდრეკილება ყველა ასაკის ადამიანს ახასიათებს, თუმცა დაავადებათა უდიდესი წილი ბავშვებზე მოდის. ყელის ინფექცია, ფარინგიტი, უმთავრესად 6-დან 12 წლამდე შეინიშნება, ხოლო კანის ინფექცია - სკოლამდელ ასაკში. დამახასიათებელია სეზონურობაც: ფარინგიტი წლის ცივ პერიოდში ხშირდება, ხოლო კანის დაავადებები - გვიან ზაფხულში და ადრე შემოდგომაზე. გადატანილი ინფექციის შედეგად ორგანიზმი ანტიბაქტერიულ და ანტიტოქსიკურ იმუნიტეტს გამოიმუშავებს. GBS ქალების შარდსასქესო და კუჭ-ნაწლვის ტრაქტის ბინადარია. ორსულებში ინფექცია უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, იშვიათად კი შარდსასქესო სისტემის, საშვილოსნოს გარსების ანთებით ცვლილებებს იწვევს. ასეთი ქალები, როგორც წესი, ინფიცირებულ ბავშვებს შობენ. ინფექციის გადაცემა შესაძლებელია ჰორიზონტალური გზითაც: მეორე ახალშობილისგან, სხვა მელოგინისგან, სამედიცინო პერსონალისგან. ადრეული ინფექციის პირველი ნიშნები სიცოცხლის პირველ 5 დღეში ვლინდება, მოგვიანებითისა კი სიცოცხლის მეორე კვირიდან და მშობიარობის შემდგომ შეძენილ ინფექციაზე მეტყველებს. - რა ნიშნებით იჩენს თავს სტრეპტოკოკური ინფექცია?- GAS-ს ახასიათებს მრავალფეროვანი გამოვლინება, ძლიერ მსუბუქი ფორმებიდან დაწყებული, მძიმე სეფსისური მიმდინარეობით დამთავრებული. კლინიკური სურათი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ასაკი და იმუნური სტატუსი. რაც უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება, მით უფრო ადვილია მისი დიაგნოსტიკა. საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე საათიდან 7 დღემდე გრძელდება. სტრეპტოკოკური ინფექცია შეიძლება გამოვლინდეს როგორც ადგილობრივი, ასევე გენერალიზებული ფორმებით. ადგილობრივ ფორმებს მიეკუთვნება ანგინა, რინიტი, ფარინგიტი, ოტიტი, სინუსიტი, ადენოიდიტი და სხვა. ეს ფორმები ვითარდება სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების ფონზე და მათ გართულებად მიიჩნევა, ისევე, როგორც ლარინგიტი, ბრონქიტი, პნევმონია, პიელიტი, ნეფრიტი და სხვა. დაავადების ყველა ფორმისთვის დამახასიათებელია სწრაფი გამოვლინება პირველადი ანთებითი კერების ლოკალიზაციით, რეგიონული ლიმფური კვანძების გადიდებით, სხვადასხვა ინტენსივობის ტემპერამენტული რეაქციით და სისხლში მიმდინარე ცვლილებებით - ლეიკოციტების, ედს-ის მომატებით. - დამოკიდებულია თუ არა სტრეპტოკოკური ინფექციის გამოვლინება ბავშვის ასაკზე?- სტრეპტოკოკური ინფექცია 6 თვემდე, ჩვეულებრივ, ვლინდება ნაზოფარინგიტის სახით. ამ დროს აღინიშნება: ჩირქოვანი გამონადენი ცხვირიდან; ნესტოების ირგვლივ კანის აქერცვლა; არარეგულარული ტემპერატურული რეაქციები. მწვავე პერიოდი ერთ კვირამდე გრძელდება, მაგრამ ცხვირის გაღიზიანებამ და ცხვირით სუნთქვის გაძნელებამ (გაგუდვა) შესაძლოა რამდენიმე კვირა გასტანოს. სამიდან თორმეტ წლამდე დაავადება სუბფებრილური ტემპერატურით იწყება. საერთო ინტოქსიკაციის ნიშნები საშუალოდ არის გამოხატული. ზოგჯერ ვითარდება ნაზოფარინგიტი ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენით. კისრის ლიმფური კვანძები გადიდებულია, რბილი. სტრეპტოკოკური ანგინისთვის (ტონზილოფარინგიტისთვის) დამახასიათებელია მოთეთრო ნადები ნუშურებზე ალისფერი ხახის ფონზე. შესაძლოა, გართულდეს სინუსიტით, ოტიტით და სხვა. დაავადება გრძელდება 4-დან 8 კვირამდე, ზოგჯერ იღებს მორეციდივე ხასიათს. იმპეტიგოს ახასიათებს კანის ზედაპირული ჩირქოვანი დაზიანება, ფუფხი. შესაძლოა ჰიპერემიული კანის ფონზე გაჩნდეს მრგვალი, მწებავი ქარვისფერი ფუფხის მქონე 1-2მმ დიამეტრის გარდამავალი ვეზიკულური (შიგთავსიანი) გამონაყარი. შეინიშნება მახლობელი ლიმფური ჯირკვლების გადიდება. - განსხვავდება თუ არა GBS-ის კლინიკა GAS-ისგან?- GBS, როგორც აღვნიშნე, ახალშობილებში ადგილობრივ ინფექციასა და მძიმე გენერალიზებულ დაავადებას (სეფსისს) იწვევს. ამდენად, უფრო მძიმედ მიმდინარეობს. დაავადების პირველი ნიშნები დაბადებიდან 6 საათში იჩენს თავს. ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ინფიცირებისას ვითარდება ასფიქსია, კომა ან შოკი. სასუნთქი სისტემის ცვლილებები გამოიხატება ციანოზით, აპნოეთი, ტაქიპნოეთი, მკვნესარე სუნთქვით, ქოშინით. ათიდან 3-4 შემთხვევაში ვითარდება სეფსისი რომელიმე ორგანოს თვალსაჩინო დაზიანების გარეშე. ახალშობილებში დაავადების ადრეული გამოვლინებისას ათიდან 1 შემთხვევაში ვითარდება მენინგიტი, რომელიც მიმდინარეობს კრუნჩხვით, ძილიანობით, კომით, ყიფლიბანდის პულსაციით, იშვიათად - უსიმპტომოდაც. GBS-ის მოგვიანებით, დაბადების II კვირიდან გამოვლინებისას ათიდან 6 შემთხვევა მენინგიტის სახით მიმდინარეობს. - დიაგნოსტიკის დროს, გარდა გასინჯვისა, რომელი გამოკვლევა უნდა ჩატარდეს?- ყელის სტრეპტოკოკური ინფექციის მქონე ბავშვთა მხოლოდ 30%-ს ამოეთესება ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის შედეგად A ჯგუფის სტრეპტოკოკი და მხოლოდ 50%-ს აღენიშნება ანტისხეულების პროდუქცია, ამიტომ თუ 5 წელს გადაცილებულ ბავშვს აღენიშნება ყელის სიწითლე, თეთრი ექსუდატი, კისრის ლიმფური კვანძების გადიდება, უნდა ვიეჭვოთ სტრეპტოკოკური დაავადება და დავიწყოთ ანტიბიოტიკით მკურნალობის 10-დღიანი კურსი. იმავდროულად, საჭიროების მიხედვით, გამოვრიცხოთ დიფტერია, ინფექციური მონონუკლეოზი და სხვა დაავადებები. GBS-ინფექციისას საჭიროა სისხლის, თავზურგტვინის სითხის, პლევრული სითხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. კუჭის შიგთავსი და კანი არ შეიძლება დაავადების გამომწვევის დასადგენად გამოვიყენოთ. ბაქტერიოლოგიურთან ერთად ტარდება სისხლის იმუნოლოგიური გამოკვლევაც. - დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ საჭიროა ანტიბიოტიკებით მკურნალობა. რომელი ჯგუფის ანტიბიოტიკები ითვლება არჩევის პრეპარატებად?- სტრეპტოკოკური ინფექციის დადასტურების შემთხვევაში აუცილებელია პენიცილინის ჯგუფის პრეპარატებით ათდღიანი მკურნალობა. გახსოვდეთ: 10 დღე საჭიროა სტრეპტოკოკის სრული განადგურებისთვის, ამიტომ კურსი ნაადრევად არ უნდა შეწყდეს, კლინიკური გაუმჯობესების შემთხვევაშიც კი, რათა არ მოხდეს რეციდივი და საბოლოოდ რევმატიზმი არ ჩამოყალიბდეს. ქირურგიული ჩარევა შეიძლება პიოდერმიული (ჩირქოვანი) კერების არსებობის დროს. ინიშნება აგრეთვე ვიტამინთერაპია, სრულფასოვანი კვება. - შესაძლებელია თუ არა სტრეპტოკოკური ინფექციისგან თავის დაცვა? არსებობს თუ არა პროფილაქტიკის სპეციფიკური ხერხები? როგორ მოვიქცეთ, თუ ოჯახში სტრეპტოკოკით ინფიცირებული ავადმყოფი გვყავს?- თუ ბავშვს სტრეპტოკოკური დაავადება აქვს, ამან არ უნდა შეაშინოს ოჯახის სხვა წევრები - ბავშვები თუ მოზრდილები. არც ბაღსა თუ სკოლაში უნდა ატყდეს პანიკა. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობას, ადრეულ დიაგნოსტიკას, ავადმყოფის იზოლაციას (ჰოსპიტალიზაციას) და სანიტარულ-ჰიგიენურ ღონისძიებებს. თუ მშობიარე რისკის ჯგუფშია, ახალშობილის ინფიცირების თავიდან ასაცილებლად ენიშნება ამპიცილინი. ინფიცირებული დედისგან დაბადებულ ბავშვს უკეთებენ სპეციალურ იმუნოგლობულინს. სტრეპტოკოკური ინფექციის ვაქცინოპროფილაქტიკა დღეისთვის არ არსებობს. - სტრეპტოკოკური ინფექციის ერთ-ერთი კლინიკური ფორმაა ქუნთრუშა, რომელიც უმთავრესად სამიდან რვა წლამდე გვხვდება. რას გვეტყვით ამ დაავადების შესახებ?- ქუნთრუშას იწვევს A ჯგუფის (GAS) ბეტაჰემოლიზური სტრეპტოკოკი. მას აქვს მკაფიო, დამახასიათებელი კლინიკური სურათი, მიმდინარე ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაციით (შემცივნება, თავის ტკივილი, უძილობა, მადის დაქვეითება, ტემპერატურის მომატება, პირღებინება), მკაფიოდ გამოხატული ანგინით, რეგიონული ლიმფური ჯირკვლების გადიდებით, კანის წვრილწინწკლოვანი გამონაყარითა და ფირფიტისებური აქერცვლით. ინფექციის წყაროა სტრეპტოკოკური ინფექციის ამა თუ იმ კლინიკური გამოვლინების მქონე, უპირატესად - თვით ქუნთრუშით დაავადებული პირი. დაავადების გავრცელების თვალსაზრისით განსაკუთრებით საშიშია წაშლილი კლინიკური ფორმის მქონე ადამიანი. გარემოში სტეპტოკოკები გამოიყოფა ლორწოვანი გარსების სეკრეტით ხახიდან (ხველებით), ცხვირიდან (სურდოთი), აგრეთვე სხვა (ოტიტის, სინუსიტის, ლიმფადენიტის) ღია ჩირქოვანი კერებიდან. გამომწვევი აგენტის გადაცემის მთავარი მექანიზმი ჰაერწვეთოვანია. თუმცა დაავადება გადაეცემა მცირე მანძილზე მჭიდრო კონტაქტით. დიდ მანძილზე, კერძოდ, მეზობელ ბინებში (როგორც წითელასა და ჩუტყვავილას დროს), დაავადება არ ვრცელდება. ინფექციის გადაცემა შესაძლებელია დაინფიცირებული სათამაშოებით, ჭურჭლით, საყოფაცხოვრებო ნივთებით, თუმცა ეს გზა ეპიდემიოლოგიურ საშიშროებას არ ქმნის. ინფექცია გადაეცემა საჭმლის დაინფიცირებით, ძირითადად რძისა და მისი ნაწარმის (ნაყინი, კრემი და სხვა) მეშვეობით. ეს გზა იშვიათია, მაგრამ ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული დაავადების მნიშვნელოვანი ეპიდაფეთქება. პენიცილინით ნამკურნალევი ავადმყოფი კლინიკურ ეფექტთან ერთად სტრეპტოკოკებისგანაც თავისუფლდება და ბავშვთა კოლექტივისთვის საშიში აღარ არის, მაგრამ თუ აქვს ქრონიკული ანთებითი კერა - ქრონიკული ტონზილიტი, რინოფარინგიტი ან სხვა, ესე იგი, სტრეპტოკოკის ხანგრძლივი მატარებელია და ინფექციის წყაროს წარმოადგენს. ქუნთრუშის გადატანის შემდეგ ორგანიზმს მყარი იმუნიტეტი უვითარდება. 15 წლიდან დაავადება იშვიათია, რაც გადატანილი ინფექციის, მათ შორის - მსუბუქი, ატიპური ფორმებითა და მიკრობების მატარებლობით მოსახლეობის ფარული, ბუნებრივი იმუნიზაციის შედეგია. წლამდე ასაკის ბავშვები ავადდებიან იშვიათად. ეს განსაკუთრებით ეხება 6 თვემდე ასაკს, რაც აიხსნება დედისგან იმუნიტეტის ტრანსპლაცენტური გზით გადაცემითა და ამ ასაკში თვითონ ბავშვთა ფიზიოლოგიური რეაქტიულობით ტოქსინის მიმართ. დაავადებისთვის დამახასიათებელია სეზონურობა. ხშირდება ზამთრის პერიოდში (სექტემბერი-იანვარი), ცივი, ნესტიანი კლიმატის მქონე ქვეყნებში. ცხელ და მშრალ ადგილებში ავადობა დაბალია, ხოლო ტროპიკულ ქვეყნებში თითქმის არ შეინიშნება. პერიოდულად, ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ, აღნუსხავენ ავადობის მაჩვენებელთა ზრდასა და კლებას. ქუნთრუშას აქვს იმდენად დამახასიათებელი სურათი: გამონაყარი, აქერცვლა, პირის ღრუს ცვლილებები, ანგინა, - რომ წარმოუდგენელია, სხვა დაავადებაში აგერიოთ. მშობლებს ვურჩევ: თუ თქვენს პატარას აქვს ქრონიკული ჩირქოვანი კერა, ყელიდან ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისას სტრეპტოკოკი (სტრეპტოცოცუს პუოგენეს) ამოეთესა, უნდა ჩაიტაროთ ანტიბიოტიკით მკურნალობის სრული კურსი, ხოლო თვით ჩირქოვანი კერა უნდა მოშორდეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: სტრეპტოკოკურმა ინფექციამ შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას ორგანიზმს ისეთი გართულებების სახით, როგორიც არის რევმატიზმი, ნეფრიტი. ასე რომ, გირჩევთ, საქმეს გართულებამდე ნუ მიიყვანთ. 

რა საჭიროა ადენოიდების ამოკვეთა

administrator 20-08-2016, 00:39 1 510 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

რა საჭიროა ადენოიდების ამოკვეთა
 
 

კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ადენოიდები ვითარდება, უფრო სწორად, ცხვირ-ხახაში არსებული ლიმფოიდური ქსოვილი განიცდის ჰიპერპლაზიას (გადიდებას სტრუქტურული ელემენტების ინტენსიური გამრავლების გამო), ჯერ კიდევ უცნობია. სამაგიეროდ, კარგად არის ცნობილი ის გართულებები, რომლებიც არანამკურნალებ ადენოიდებს ახასიათებს. ბევრი უფრთხის მათ ამოკვეთას (ადენოტომიას). ამას თავისი საფუძველი აქვს. ასეა თუ ისე, ადენოიდების პრობლემა ფართოდ გავრცელებული და აქტუალურია.

- ცხვირ-ხახის ადენოიდები ცხვირ-ხახაში მდებარეობს. ისინი უნდა განვიხილოთ როგორც ერთ-ერთი რგოლი იმუნური სისტემისა, რომელიც შედგება ნუშურა ჯირკვლებისგან, ენისქვეშა ნუშურებისა და ცხვირ-ხახის ადენოიდებისგან. ეს ერთიანი სისტემა ასრულებს დამცველობით ფუნქციას, რაც ორგანიზმში შეჭრილი ვირუსების, ბაქტერიებისა და სხვა მიკრობების უვნებელყოფით გამოიხატება. ცხვირ-ხახის ადენოიდები შედგება პოხიერი უჯრედებისგან, რომლებიც გამოირჩევა განსხვავებული აგებულებითა და ფუნქციობით. ისინი ძლიერ სენსიტიურნი არიან ალერგენების მიმართ.

ალერგენსპეციფიკური IგE ანტისხეულები სისხლიდან აღწევს ქსოვილებში, სადაც პოხიერი უჯრედების ზედაპირზე იბოჭება. პოხიერი უჯრედები აქტიურდება მაშინ, როცა ალერგენის მოლეკულა ფიზიკურ კონტაქტში შედის მათ ზედაპირზე არსებულ IგE ანტისხეულებთან, რომლებსაც ამ ალერგენის ამოცნობის უნარი აქვთ და იწყება ალერგიული რეაქცია. 

პოხიერი უჯრედებისგან გამოთავისუფლდება ისეთი მედიატორები, როგორებიცაა ჰისტამინი, ლეიკოტრიენები, პროსტაგლანდინები, ციტოკინები. ამ ნივთიერებების გამოთავისუფლებას მოსდევს ქსოვილებში, ადგილობრივად, ანთებითი ცვლილებების განვითარება. სწორედ ჩამოთვლილი ნივთიერებები იწვევს ქრონიკული დაავადებებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს: შეშუპებასა და ლორწოვანის ჰიპერსეკრეციას. თუმცა ასეთი რეაქციები ყველა ადამიანს არ უვლინდება - აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკურ განწყობას.

- რა ასაკში ვითარდება ადენოიდები ყველაზე ხშირად?
- ცხვირ-ხახის ადენოიდების ჰიპერტროფია უმეტესად 3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებთან გვხვდება, თუმცა იშვიათად სიცოცხლის პირველ წლებში და სქესობრივი მომწიფების შემდეგაც შეინიშნება. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ბავშვთა ინფექციები, ზედა სასუნთქი გზების ვირუსული და მიკრობული დაავადებები, ალერგია და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მემკვიდრეობითი ფაქტორი. 

ზომის მიხედვით, განასხვავებენ ადენოიდების ჰიპერტროფიის სამ ხარისხს.

- უმეტესად რა სიმპტომებით ვლინდება ადენოიდები?
- ადენოიდების ჰიპერტროფია კლინიკურად შეიძლება სხვადასხვა სიმპტომით გამოვლინდეს. პაციენტებს ძირითადად აღენიშნებათ ცხვირით სუნთქვის გაძნელება და უხვი ლორწოვანი გამონადენი, რის გამოც ბავშვებს პირღიას სძინავთ და ხვრინავენ.

- რა გართულებებს აძლევს დასაბამს არანამკურნალები ადენოიდები?
- ადენოიდების ჰიპერტროფიის ხშირი გართულებაა შუა ყურის დაავადებები: ექსუდაციური ოტიტი და შუა ყურის ქრონიკული ჩირქოვანი ანთება, რაც გამოწვეულია ადენოიდების მიერ ევსტაქის მილის დახშობით და შუა ყურის ნორმალური ვენტილაციის მოშლით. ასევე ხშირია თავის ტკივილი. პირი მუდმივად ღიაა, ქვედა ყბა დაშვებულია, მოგვიანებით სტადიებზე ბავშვებს სახის გამომეტყველებაც ეცვლებათ. ეს მათ აძლევს თავისებურ შესახედაობას, რომელსაც “ადენოიდური სახე” ეწოდება. ასეთ ბავშვებს აღენიშნებათ არასწორი თანკბილვა. ანთებითი პროცესები შესაძლოა გავრცელდეს ცხვირის დანამატ წიაღებშიც. 

- რას გულისხმობს ადენოიდების მკურნალობა?
- ცხვირ-ხახის ადენოიდების ჰიპერტროფიის კონსერვატიული მკურნალობა უმთავრესად სიმპტომურია, ანუ გართულებების მკურნალობას გულისხმობს. ძირითადი დაავადების კონსერვატიული მკურნალობა ნაკლებად ეფექტურია.

- გამოდის, რომ ერთადერთი გამოსავალი ქირურგიული ჩარევაა... რა უკუჩვენებები აქვს ადენოტომიას?
- როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცხვირ-ხახის ადენოიდები ორგანიზმის დამცველობითი სისტემის მნიშვნელოვანი რგოლია, ამიტომ საჭიროა, ზუსტად და დროულად განისაზღვროს ქირურგიული მკურნალობის ჩვენება. ექიმმა უნდა შეაფასოს პაციენტის საერთო მდგომარეობა, გართულების რისკი და ქირურგიული მკურნალობის მოსალოდნელი ეფექტურობა. ადენოტომიის უკუჩვენებებია სისხლისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებები, ასევე - რბილი სასის პათოლოგია, ცხვირისა და ხახის მწვავე დაავადებები.

- რამდენად ხშირია რეციდივი?
- ლიმფოიდურ ქსოვილს პროლიფერაციის უნარი აქვს, ამიტომ ოპერაციის შემდეგ ზოგჯერ მოსალოდნელია რეციდივიც, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცხვირ-ხახაში თუნდაც უმნიშვნელო ოდენობის ქსოვილი დარჩა. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რეციდივი ტექნიკურად უნაკლოდ ჩატარებული ოპერაციის შემდეგაც განვითარდეს.

Е ვიტამინის ნაკლებობამ შესაძლოა ემბრიონში ნევროლოგიური და ფიზიოლოგიური გადახრები გამოიწვიოს

administrator 19-08-2016, 23:30 1 454 რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო / საჭირო ინფორმაცია

Е ვიტამინის ნაკლებობამ შესაძლოა ემბრიონში ნევროლოგიური და ფიზიოლოგიური გადახრები გამოიწვიოს
 

რაციონში Е ვიტამინის ნაკლებობა ჯანმრთელობისთვის საშიშია. მეცნიერების აზრით, Е ვიტამინის ნაკლებობისას ვეღარ ხერხდება დეკოზაჰექსაენის მჟავას კონცენტრაციის შენარჩუნება. ეს უკანასკნელი კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ომეგა-3 ცხიმოვანი მაჟავაა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ტვინისა და უჯრედების განვითარებისათვის.

Е ვიტამინის დეფიციტისას, ემბრიონებს ფიზიკური ანომალიები განაყოფიერებიდან უკვე ორი დღის შემდეგ აღენიშნებოდა. დეკოზაჰექსაენის მჟავას დონის დაქვეითებასთან არის დაკავშირებული მეხსიერების შესუსტება და ინტელექტის დაქვეითება. ორსულ ქალებში Е ვიტამინის დეფიციტი იწვევს ორსულობის ნაადრევ შეწყვეტას. მეცნიერების აზრით, Е ვიტამინის დღიური ნორმა ზრდასრული ადამიანისთვის 15 მგ-ს შეადგენს.
საიტი შეიქმნა 2016 წელს, საიტის შემქმნელი: astalavista. ყველა უფლება დაცულია
დახურვა
ჩვენს შესახებ